პროფესორი იოსებ ნანობაშვილი, მედიცინის დოქტორი

jnსისხლძარღვთა ქირურგი.

იოსებ ნანობაშვილმა 1977 წელს წარჩინების დიპლომით დაამთავრა თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტი და მიიღო მკურნალი ექიმის წოდება.

1977-1980 წლებში იგი იყო თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის ასპირანტი.

1981-1984 წლებში მან გაიარა საქართველოში სპეციალიზაცია ქირურგიაში, სისხლძარღვთა ქირურგიასა და მიკროქირურგიაში, მოგვიანებით მიიღო პრაქტიკა რუსეთის, შვეიცარიისა და ავსტრიის კლინიკებში.

1985-1991 წლებში იგი მუშაობდა ქირურგად სისხლძარღვთა ქირურგიისა და მიკროქირურგიის განყოფილებაში, თბილისის პირველი კლინიკური საავადმყოფო.

1991 წელს მან მიიღო ავსტრიის მეცნიერებათა და კვლევის სამინისტროს სტიპენდია. ჩატარებული ექსპერიმეტული გამოკვლევა გამოქვეყნდა ჟურნალში American Journal of Physiology.

1991 წელს ავსტრიაში გადასვლის შემდეგ, მან მოახდინა ექიმის დიპლომის ნოსტრიფიკაცია ვენის სამედიცინო უნივერსიტეტში, ასევე ქირურგი-სპეციალისტის წოდების დამტკიცება ავსტრიის ექიმთა ასოციაციაში.

2003 წელს მან დაიცვა დისერტაცია (ჰაბილიტაცია) ვენის სამედიცინო უნივერსიტეტში და გახდა ქირურგიის კლინიკური პროფესორი. ასევე მან მიიღო ვენის უნივერსიტეტის სისხლძარღვთა ქირურგიის განყოფილების პირველი უფროსი ექიმის თანამდებობა.

ამჟამად, პროფესორი ნანობაშვილი არის ვენის სამედიცინო ინსტიტუტის სისხლძარღვთა ქირურგიის განყოფილების ვიცე-ხელმძღვანელი (ვენის საერთო საავადმყოფო – Vienna General Hospital, Allgemeines Krankenhaus Wien).

იგი არის აგრეთვე პრაქტიკოსი ექიმი და სისხლძარღვთა ქირურგი-კონსულტანტი ვენის კერძო კლინიკაში (Vienna Private Hospital, Wiener Privatspital).

მას გამოქვეყნებული აქვს 170-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, შემდეგ ჟურნალებში: Circulation, Surgery, Journal of Vascular Surgery, British Journal of Surgery, European Journal of Vascular and Endovascular Surgery, Shock, World Journal of Surgery, European Surgical Research, და სხვ. მას ეკუთვნის აგრეთვე რამდენიმე თავი სპეციალურ სამედიცინო წიგნებში. ატარებს საერთაშორისო ლექციებს.

პროფესორ ნანობაშვილის მთავარი პროფესიული მიმართულებაა გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებათა დიაგნოსტიკა და მკურნალობა: ათეროსკლეროზი (პერიფერიული ბაიპას-ოპერაციები იშემიისა და განგრენის დროს, შევიწროვებული საძილე არტერიის ოპერაცია ინსულტის თავიდან აცილებისთვის), არტერიების ანევრიზმა (აორტისა და პერიფერიული ანევრიზმები), ვენების ვარიკოზული გაგანიერება და ა.შ.

სისხლძარღვთა დაავადებების მკურნალობის მეთოდების ფართე სპექტრი მოითხოვს მედიცინის სხვადასხვა დარგის სპეციალისტების მჭიდრო თანამშრომლობას – სისხლძარღვთა ქირურგი, ანგიოლოგი, რადიოლოგი და ა.შ. პროფ. ნანობაშვილის მთავარი სტრატეგიაა მულტიდისციპლინარული მიდგომა, რაც საშუალებას აძლევს თითოეულ პაციენტს შესთავაზოს სამედიცინო მომსახურების თანამედროვე და საუკეთესო დონე.

პროფ. ნანობაშვილი თავისუფლად ფლობს ქართულ, გერმანულ, ინგლისურ და რუსულ ენებს.