მკურნალობა / ქირურგია

random

პერიფერიული არტერიული ოკლუზიური დაავადება: ქირურგიული და ენდოვასკულარული მკურნალობა

პერიფერიული არტერიული ოკლუზიური დაავადების ოპერაციული მკურნალობის ძირითადი მეთოდებია სისხლძარღვის ენდარტერექტომია პლასტიკით…და ბაიპასს-ოპერაცია (ე. წ. “შუნტირება”).
ენდარტერექტომიის დროს ქირურგი დროებით გადაკეტავს სისხლის ნაკადს სისხლძარღვში, სიგრძივი განაკვეთით ხსნის არტერიას და ამოიღებს ათეროსკლეროზულ ფოლაქს არტერის შიგნითა კედელთან ერთად – აქედან მოდის ოპერაციის დასახელება “ენდარტერექტომია”. ამის შემდეგ არტერია პირდაპირ კი არ იკერება, არამედ მის კიდეებს შორის ჩაეკერება გასაფართოვებელი ნაფლეთი (პაციენტიდან აღებული კანქვეშა ვენის ნაწილი, ხარის პერიკარდიუმი ან სინთეტური მასალა), რათა არტერიის სანათურის მაქსიმალური გაგანიერება მოხდეს.
ბაიპასის ოპერაცის მიზანია გაკეთდეს შემოვლითი გზა ოკლუზირებული სეგმენტის გვერდის ავლით, რათა გადავრთოთ სისხლის ნაკადი დაზიანების ზემოდან დაზიანების ქვემოთ სისხლძარღვში. მაგალითად, თუ ბარძაყის ზედაპირული არეტერიაა დახშობილი, მაშინ კეთდება ბაიპასი ბარძაყის საერთო არტერიდან მუხლქვეშა არტერიაში.
ყველაზე უკეთესი მასალა ბაიპასისთვის არის საკუთარი ორგანიზმიდან აღებული კანქვეშა ვენა. იმ შემთხევევაში, თუ ეს ვენა გამოუსადეგარია (მცირე კალიბრისაა ან ვარიკოზულად შეცვლილია) ან პაციენტს ეს ვენა აღარ აქვს (ადრე გაკეთებული ვარიკოზის ოპერაციის გამო ან ვენა უკვე გამოიყენეს ბაიპასის ოპერაციისთვის), მაშინ გამოიყენება სინთეტური პროთეზი (PTFE, Dacron).

ბალონით გაგანიერება – ე. წ. პერკუტანული ტრანსლუმინარული ანგიოპლასტიკა (PTA) ასევე გამოიყენება შევიწროვებული ან დახშული სისხლძარღვის სანათურის გასახსნელად ან გასაფართოვებლად. ამ დროს ხდება კანის ჩხვლეტა სპეციალური ნემსით, ბალონიანი კათეტერი შეტანილი იქნება სისხლძარღვის სანათურში და რენტგენის კონტროლის ქვეშ მიტანილი იქნება შევიწროვების ადგილზე. ბალონის გაბერვით ხდება შევიწროვებული არტერიის გაგანიერება. იმისთვის, რომ ბალონის დაჩუტვისა და კათეტერის გამოტანის შემდეგ არ მოხდეს რე-სტენოზი (ისევ შევიწროვება), გაგანიერების ადგილზე იდგმება სტენტი – სპეციალური მეტალის ბადე.
ოპერაციასთან შედარებით, PTA ხასიათდება დაბალი რისკით, მაგრამ სერიოზული გართულებები მაინც არ არის გამორიცხული. ყველაზე უფრო ხშირია ჩხვლეტის ადგილზე ჰემატომისა (სისხლჩაქცევის) და ცრუ ანევრიზმის განვითარება. თუ პაციენტს ასეთი გართულებები არ განუვითარდება, ინტერვენციიდან ერთი დღის შემდეგ შეიძლება გაეწეროს საავადმყოფოდან.

ქირურგიული და ენდოვასკულარული ჩარევები საშუალებას გვაძლევს აღვადგინოთ სისხლის მიმოქცევა იშემიურ კიდურში და ამით შევამციროთ ამპუტაციის რისკი.

დაავადების კლინიკური სურათის ინფორმაციისთვის იხილეთ გვერდი “დაავადებები”.

საძილე არტერიის სტენოზი: ინსულტის ოპერაციული პრევენცია კაროტიდული ენდარტერექტომიით

კაროტიდული ენდარტერექტომია წარმოადგენს შიგნითა საძილე არტერიიდან ათეროსკლეროზული ფოლაქისა და ამ არტერიის შიგნითა კედლის ამოღებას, რათა მოხდეს სტენოზის (შევიწროვების) კორექცია.
ოპერაცია, როგორც წესი, კეთდება ნარკოზით. საძილე არტერიები (საერთო, შიგნითა და გარეთა) უნდა პრეპარირებული იქნეს ძალზე ფრთხილად და არატრავმულად – ე.წ. “non touch” (“არ შეეხო”) ტექნიკა, რათა არ მოხდეს ათეროსკლეროზული ფოლაქის ინტრაოპერაციული “ჩამოტეხვა” და ამ ნატეხის ემბოლიზაცია თავის ტვინში. ჰეპარინისა და თავის ტვინის დამცველი მედიკამენტების ინტრავენური შეყვანის შემდეგ, ანესთეზიოლოგი სისხლის არტერიულ წნევას ფარმაკოლოგიურად მაღლა აწევს. ეს კეთდება იმ მიზნით, რომ მომჭერებით საძილე არტერიის გადაკეტვის დროს თავის ტვინი მეორე მხრის საძილე არტერიით ჟანგბადით საკმარისად მომარაგდეს. ალტერნატიულად, შეიძლება ოპერაციის დროს არტერიაში დროებითი შუნტი ჩაიდგას. ქირურგი მომჭერებით დროებით გადაკეტავს სისხლის ნაკადს სისხლძარღვში, სიგრძივი განაკვეთით ხსნის არტერიას და ამოიღებს ათეროსკლეროზულ ფოლაქს არტერის შიგნითა კედელთან ერთად – აქედან მოდის ოპერაციის დასახელება “ენდარტერექტომია”. ამის შემდეგ არტერია პირდაპირ კი არ იკერება, არამედ მის კიდეებს შორის ჩაეკერება გასაფართოვებელი ნაფლეთი (პაციენტიდან აღებული კანქვეშა ვენის ნაწილი, ხარის პერიკარდიუმი ან სინთეტური მასალა), რათა არტერიის სანათურის მაქსიმალური გაგანიერება მოხდეს.
ინტრაოპერაციული და პოსტოპერაციული გართულებების სიხშირე (ნევროლოგიური დეფიციტი) ჩვენ ნაოპერაციებ პაციენტებში ძალზე დაბალია და შეადგენს 0,8%-ს.
პაციენტის მობილიზება ხდება ოპერაციის შემდგომ დღეს და ჩვეულებრივ კლინიკიდან ეწერება მე-3 ან მე-4 დღეზე.

იშვიათ შემთხვევებში გამოიყენება საძილე არტერიის ენდოვასკულარული გაგანიერება და სტენტის ჩადგმა. ჩვენებას ასეთი ჩარევისთვის წარმოადგენს: ა) ქირურგიულად ძნელად მისადგომი, თავის ქალასთან ახლო მდებარე სტენოზი, ბ) კისერზე ადრე ჩატარებული ონკოლოგიური ოპერაციისა და დასხივების შემდგომი პერიოდი, გ) იშვიათად – რეციდივული (განმეორებითი) სტენოზი საძილე არტერიაზე ოპერაციის შემდეგ.

დღეისთვის, კაროტიდული ენდარტერექტომია წარმოადგენს აპრობირებულ ოპერაციას, გართულებების ძალზე დაბალი სიხშირით. ოპერაცია ტარდება ინსულტის პრევენციის მიზნით და მის გაკეთებას ვურჩევთ ასიმპტომურ პაციენტებს შევიწროვების მაღალი ხარისხით (> 90%) ან სიმპტომატურ პაციენტებს, შევიწროვების ხარისხით > 70%.

დაავადების კლინიკური სურათის ინფორმაციისთვის იხილეთ გვერდი “დაავადებები”.

თირკმლის არტერიის სტენოზი: თირკმლისმიერი ჰიპერტონიის ენდოვასკულარული მკურნალობა

დღეისთვის, თირკმლის არტერიის ათეროსკლეროზული სტენოზის/ოკლუზიის მკურნალობა თითქმის ყოველთვის ენდოვასკულარულად ტარდება – გამოიყენება ბალონით დილატაცია (ანგიოპლასტიკა) სტენტით ან სტენტის გარეშე.

ამ დროს ხდება კანის ჩხვლეტა სპეციალური ნემსით, ბალონიანი კათეტერი შეტანილი იქნება სისხლძარღვის სანათურში და რენტგენის კონტროლის ქვეშ მიტანილი იქნება შევიწროვების ადგილზე. ბალონის გაბერვით ხდება შევიწროვებული ადგილის გაგანიერება. იმისთვის, რომ ბალონის დაჩუტვისა და კათეტერის გამოტანის შემდეგ არ მოხდეს რე-სტენოზი (ისევ შევიწროვება), გაგანიერების ადგილზე იდგმება სტენტი – სპეციალური მეტალის ბადე.

გართულებების გარეშე მიმდინარეობის შემთხვევაში, პაციენტი ინტერვენციიდან მე-2 დღეს ეწერებს კლინიკიდან.

თირკმლის არტერიის სტენოზის დროული და ეფექტური გაგანიერება იცავს თირკმელს ატროფიისგან და, ამავე დროს, წარმოადგენს თირკმლისმიერი ჰიპერტონიის კაუზალურ მკურნალობას.

დაავადების კლინიკური სურათის ინფორმაციისთვის იხილეთ გვერდი “დაავადებები”.

დიაბეტური ანგიოპათია, დიაბეტური ტერფი: ქირურგიული მკურნალობა, VAC-მკურნალობა, ბაიპასი

ნეიროპათიული ან ძვლების/სახსრების დეგენერაციეს/დეფორმაციის (“შარკოს ტერფი”) შედეგად განვითარებული ტერფის დიაბეტური დაწყლულება საჭიროებს აქტიურ კონსერვატულ და ქირურგიულ მკურნალობას.

კონსერვატიული მკურნალობა მოიცავს სისხლში შაქრის დონის ნორმალიზაციას, ანტიბიოტიკებისა და ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტების გამოყენებას.
ქირურგიული მკურნალობის მიზანია დაზიანებულ ტერფზე დანეკროზებული და ანთებითი რბილი ქსოვილებისა და ძვლების ამოკვეთა. ასეთი ქირურგიული ამოკვეთის შემდეგ ჩნდება დიდი ზომის ჭრილობა ინტენსიური სეკრეციით (გამონადენით). იმ მიზნით, რომ ჭრილობიდან მოცილებული იქნას ეს გამონადენი და შეიქმნას ჭრილობის შეხორცებისთვის ოპტიმალური პირობები, გამოიყენება უარყოფით წნევაზე დამყარებული ე.წ. VAC therapy (“Vacuum Assisted Closure”) ანუ “ვაკუუმის დახმარებით (ჭრილობის) დახურვა”. მკურნალობა ტარდება სპეციალური აპარატით. ჭრილობაზე თავსდება ღრუბელი ან სპეციალური ბინდი, რომელიც შედეგ იხურება ჰერმეტულად და მილით უერთდება ვაკუუმის ტუმბოს. ჭრილობის გამონადენის მუდმივი მოცილება ემსახურება ჭრილობის გასუფთავებასა და ოპტიმალურ დრენირებას. ჩვეულებრივად, შეხვევა კეთდება 2-ჯერ ან 3-ჯერ კვირაში.

VAC თერაპია წარმოადგენს ძალზე ეფექტურ საშუალებას ქრონიკული ჭრილობების, განსაკუთრებით დიაბეტური წყლულების სამკურნალოდ.

ტერფის დაწყლულება განსაკუთრებით სწრაფად პროგრესირებს, თუ იმავდროულად პაციენტს აქვს დიაბეტისთვის დამახასიათებელი არტერიული შევიწროვება.

ამ დაავადების დროს გამოყენებული ოპერაციული და ინტერვენციული (ენდოვასკულარული) მკურნალობის მეთოდების გასაცნობად იხილეთ: “პერიფერიული არტერიული ოკლუზიური დაავადება: ქირურგიული და ენდოვასკულარული მკურნალობა”.

დაავადების კლინიკური სურათის ინფორმაციისთვის იხილეთ გვერდი “დაავადებები”.

აორტის ანევრიზმა: ღია ოპერაციული და ენდოვასკულარული მკურნალობა სტენტ-გრაფტით

აორტის ანევრიზმის (აა) ღია ოპერაციული ან ენდოვასკულარული მკურნალობა ნაჩვენებია მაშინ, თუ ანევრიზმის გასკდომის საშიშროება აჭარბებს მკურნალობასთან დაკავშირებული შესაძლო გართულებების/სიკვდილიანობის რისკს. კონსერვატული მკურნალობა (დაკვირვება და კონტროლი) გამოიყენება იმ პაციენტებში, რომელთაც მცირე ზომის ანევრიზმა აქვთ, ან იმ შემთხვევებში, თუ ჩარევის რისკი აჭარბებს ანევრიზმის გასკდომის რისკს.

კონსერვატიული მკურნალობა მოიცავს სისხლის არტერიული წნევის მკაცრ კონტროლს, თამბაქოს მოწევის შეწყვეტასა და ქოლესტერინის დამწევ მედიკამენტებს (სტატინები).

ღია ქირურგიული მკურნალობა მუცლის აა-ს დროს კეთდება მუცლის შუა ხაზზე გახსნით. გულმკერდის აა-ს დროს საჭიროა თორაკოტომია.

ოპერაციის დროს ხდება აორტის პრეპარაცია. ჰეპარინის ინტრავენურად შეყვანის შემდეგ, აორტა გადაიკეტება მომჭერებით დაავადებული სეგმენტის ზევითა და ქვევით. დაავადებული აორტა გაიხსნება შუაზე და ჩაიკერება ხელოვნური პროთეზი. მუცლის აა-ს დროს ე.წ “tube graft” ანუ ლულოვანი პროთეზი ან “bifurcated graft” გაორკაპებული პროთეზი გამოიყენება.

ოპერაციის შემდეგ პაციენტი 1-3 დღით თავსდება ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, საიდანაც გადაიყვანება ჩვეულებრივ პალატაში კიდევ 5-10 დღის მანძილზე

აა-ს ღია ოპერაციული მკურნალობის სიკვდილიანობა ჩვენთან 2-5% შეადგნს.

ღია ოპერაციული მკურნალობის იშვიათ გართულებას წარმოადგენს პროთეზის ინფიცირება, რაც სერიოზული ქირურგიული პრობლემაა. ინფიცირებული პროტეზი უნდა ამოღებული იქნეს და ჩანაცვლდეს აუტოლოგიური მასალით. ასეთ შემთხვევებში ჩვენ ვიღებთ ბარძაყის ღრმა ვენებს და ინტრაოპერაციულად ვამზადებთ ბიფურკაციულ პროთეზს ხელოვნური პროთეზის ჩასანაცვლებლად.

მუცის აორტის ანევრიზმის ენდოვასკულარული მკურნალობისა (მაემ) და გულმკერდის აოტის ანევრიზმის ენდოვასკულარული მკურნალობის (გაემ) დროს ხდება ანევრიზმულ აორტაში სტენტ-გრაფტის ჩადგმა. ამ დროს პათოლოგიურად შეცვლილ აორტას ქირურგი უშუალოდ არ ეხება. სტენტ-გრაფტი გაგანიერებულ ადგილზე მიიტანება საზარდულის მიდამოში ოპერაციულად პრეპარირებული სისხლძარღვის სანათურიდან.

თირკმლის არტერიების ქვემოთ მდებარე აა-სთვის გამოიყენება ბიფურკაციული (გაორკაპებული) სტენტ-გრაფტი.

არსებობს მაემ-ისა და გაემის შემზღუდველი ფაქტორები და გართულებები.

პირველ ყოვლისა, აა-ს ანატომია ზოგჯერ შეუძლებელს ხდის სტენტ-გრაფტის ჩაყენებას, მაგ. ანევრიზმის შეუთავსებელი ანატომია, მცირე დიამეტრის ან დახშული თეძოს/ბარძაყის არტერიები.

ენდოვასკულარული ტექნიკის გაუმჯობესებამ შესაძლებელი გახადა ამ შეზღუდვების ნაწილობრივი გადალახვა. დღეისთვის, ენდოვასკულარული ინტერვენცია შეგვიძლია შევთავზოთ იმ პაციენტებსაც, ვისთვისაც ორიოდე წლის წინ ასეთი მკურნალობა შეუძლებელი იყო. ახალი ტექნიკა მოიცავს ფანჯრიან და დატოტიანებულ სტენტ-გრაფტებს.

ენდოვასკულარული მკურნალობის ხშირი გართულებაა არაჰერმეტულობა ჩაყენებულ სტენტ-გრაფტსა და ანევრიზმას შორის, რასაც ხშირად განმეორებითი ჩარევა სჭირდება. იშვიათია ისეთი გართულებები, როგორიცაა სისხლძარღვის დაზიანება, თრომბის ემბოლიზაცია, ინფექცია ან სტენტ-გრაფტის მექანიკური დაზიანება.

ინტერვენციული მკურნალობის შემდეგ, მხოლოდ ძალზე მოხუც ან კრიტიკულად ავადმყოფ პაციენტებს სჭირდებათ ინტენსიური თერაპიის განყოფილება. ჩვეულებრივად, საერთო პალატაში 2-4 დღის ყოფნის შემდეგ პაციენტი შეიძლება გაწერილი იქნას კლინიკიდან.

ღია ოპერაციულ მკურნალობას ჩვენ ვურჩევთ შედარებით ახალგაზრდა პაციენტებს, რომლებსაც იმავდროულად სერიოზული თანმხლები დავადებები არ აღენიშნებათ. დღეისთვის, ღია ოპერაცია არ წარმოადგენს აა-ს მკურნალობის ერთდაერთ საშუალებას. ალტერნატიულ ენდოვასკულარულ მკურნალობას ახასიათებს გართულებებისა და სიკვდილიანობის დაბალი რისკი.

ენდოვასკულარულ მკურნალობას ჩვენ ვურჩევთ ხანშიშესულ და პოლიმორბიდულ (რამდენიმე თანმხლები დაავადებების მქონე) პაციენტებს. დღეისთვის, პაციენტების ნახევარზე მეტი ენდოვასკულარული მეთოდით ინკურნება.

დაავადების კლინიკური სურათის ინფორმაციისთვის იხილეთ გვერდი “დაავადებები”.

ვისცერალური/პერიფერიული ანევრიზმა: ოპერციული და ენდოვასკულარული მკურნალობა

ვისცერალური ანევრიზმის (ვა) ღია ქირურგიული მკურნალობა მოიცავს პათოლოგიური სისხლძარღვის გადაკვანძვას აღდგენის გარეშე, ან მის აღდგენას ანევრიზმის გამოთიშვის შემდეგ. ოპერაციული ტაქტიკის გადაწყვეტისთვის მნიშვნელობა აქვს ანევრიზმის ზომას, მდებარეობასა და ფორმას, ასევე განსაკუთრებით იმას, თუ რომელ ორგანოს ამარაგებს სისხლით ანევრიზმულად შეცვლილი არტერია. ანევრიზმის გამოთიშვა და იმავდროულად ბაიპასის გაკეთება აუცილებელია, როცა ანევრიზმული არტერია სიცოცხლსათვის აუცილებელ ორგანოს ამარაგებს, მაგალითად, ღვიძლს, პანკრეასს. ამის საპირისპიროდ, ელენთის არტერიის ვა ოპერაციის დროს შეიძლება სისხლძარღვის გადაკვნაძვა და ელენთის ამოღება, განსაკუთრებით თუ ანევრიზმა ორგანოს კართან ახლოს მდებარეობს.

ენდოვასკულარული თერაპია (ემბოლიზაცია, სტენტ-გრაფტის ჩადგმა) წარმოადგენს ღია ოპერაციული მკურნალობის ალტერნატივას. შესატყვისი ტექნიკის არჩევა დამოკიდებულია ანევრიზმის ტიპსა და ზომაზე, ასევე დაზიანებული არტერის ანატომიაზე.

ღია ქირურგიული მკურნალობა წარმოადგენს ვისცერალური ანევრიზმის მკურნალობის აღიარებულ მეთოდს. ენდოვასკულარული მკურნალობა ამცირებს მკურნალობის რისკსა და სტაციორნარში ყოფნის ხანგრძლივობას, მაგრამ ტექნიკურად ყოველთვის არ არის განხორციელებადი.

არასიმპტომური და მცირე დიამეტრის (< 2 სმ) მუხლქვეშა არტერიის ანევრიზმის (მაა) მკურნალობა, როგორც წესი, კონსერვატულია, რაც გულისხმობს ანტიკოაგულაციას იმ მიზნით, რომ დავიცვათ დისტალური (ანევრიზმის ქვემოთ განლაგებული) სისხლძარღვები ემბოლიზაციისგან (თრომბის ჩავარდნა) და ოკლუზიისაგან (დახშობა).

ოპერაცია ნაჩვენებია:
– თუ პაციენტს აქვს სიმპტომები (დისტალური სისხლძარღვების ემბოლიზაცია, ანევრიზმის თრომბოზი კიდურის იშემიით, ანევრიზმის გასკდომა),
– არასიმპტომატური პაციენტებში, თუ ანევრიზმის დიამეტრი აჭარბებს 2 სმ-ს და სანათურში დიდი რადენობით თრომბებია.

ღია ოპერაციული მკურნალობა წარმოადგენს მაა-ს აღიარებულ მეთოდს და მოიცავს ანევრიზმის გამოთიშვას და ბაიპასის ჩადგმას. ამ ოპერაცის დროს, გაგანიერებული არტერია ანევრიზმის ზემოთ და ქვემოთ იკვანძება, სისხლის მიმოქცევის აღდგენისათვის კეთდება ბაიპასის ჩაკერება გადაკვანძული სეგმენტის ზემო ადგილიდან ქვემო ადგილისკენ.

ენდოვასკულარულ მკურნალობას სტენტ-გრაფტით, მიუხედავად იმისა, რომ იგი გაცილებით ნაკლები მოცულობის ჩარევაა, ახასიათებს მთელი რიგი გართულებებისა – სტენტ-გრაფტის მიგრაცია (გადანაცვლება) ან მექანიკური დაზიანება, ასევე არტერის/სტენტის სანათურის დახშობა.

ღია ოპერაციული მკურნალობა – ანევრიზმის გამოთიშვა და ბაიპასის ჩაკერება – წარმოადგენს მუხლქვეშა არტერის ანევრიზმის მკურნალობის აღიარებულ მეთოდს. ენდოვასკულარული მკურნალობა მისაღები ალტერნატივაა მომატებული ქირურგიული რისკის მქონე პაციენტებში.

დაავადების კლინიკური სურათის ინფორმაციისთვის იხილეთ გვერდი “დაავადებები”.

ვენების ვარიკოზული გაგანიერება: კონსერვატული და ქირურგიული მკურნალობა

ვენების ვარიკოზის კონსერვატული მკურნალობა მოიცავს: ელასტიური წინდის ტარებას (ყურადღება: აკრძალულია თანმხლები პერიფერიული არტერიების ოკლუზიური დაავადების დროს!), ვარჯიშს, ხშირ დასვენებას კიდურების გულზე უფრო მაღალ პოზიციაში აწევით, ლიმფურ მასაჟს, დგომისა და ჯდომის პერიოდების მაქსიმალურად შემცირებას, თავის შეკავებას ცხელი აბაზანისგან და საუნისაგან. ვენოტონური მედიკამენტები (ფლავონოიდები), ასევე ადგილობრივად სამკურნალო ჟელეს ხმარება ხშირად ეფექტურია სიმპტომების შესამცირებლდ.

არაქირურგიული ინექციური თერაპია მოიცავს სკლეროთერაპიას, რომელსაც უმთავრესად დერმატოლოგები ატარებენ. ამ დროს გაგანიერებულ ვენაში შეიყვანება სკლეროზირების გამომწვევი ნივთიერება. შედეგად ეს ვენები იჭმუხნება და რამდენიმე კვირის შემდეგ ნაწლობრივ ქრება. სკლროთერაპია რეკომენდებულია ე.წ. “ობობას ქსელის” მსგავსი, ძალზე წვრილი გაგანირებული ვენებისა და მცირე ზომის ვარიკოზული ვენების სამკურნალოდ. როგორც წესი, რამდენიმე სეანსია საჭირო სასურველი კოსმეტიური ეფექტის მისაღწევად.

ქირურგიული მკურნალობა გულისხმობს ე.წ. “რადიკალურ ოპერაციას”, როლმელშიც შედის:
– კროსექტომია – საზარდულის არეში ზედაპირული და ღრმა ვენების შერთვის ადგილზე ყველა გვერდითი ტოტის გადაკვანძვა,
– დამაკავშირებელიí (პერფორანტული) ვენების გადკვანძვა,
– გაგანირებული გვერდითი ტოტების ამოღება (ფლებექტომია),
– საჩინო ვენის ამოღება (სტრიპინგი).
რადიკალური ოპერაცია მკვეთრად ამცირებს ვარიკოზის რეციდივის შესაძლო განვითარებას.

პაციენტის მობილიზაცია ხდება ოპერაციის შემდგომ დღეს და ოპერაციიდან 24 საათის შემდეგ პაციენტი შეიძლება გაეწეროს სტაციონარიდან. ოპერაციის შემდეგ ტკივილგამაყუჩებელი ან სხვა მედიკამენტი, როგორც წესი, არ არის საჭირო, კეთდება მხოლოდ ანტითრომბული ნემსი 3 დღის მანძილზე.

ელასტიური წინდა საჭიროა ოპერაციის შემდეგ 10-12 დღის მანძილზე, ამ დროს ხდება აგრეთვე ნაკერების ამოღება (ხშირად კანი იკერება კანშდა ნაკერით და ნაკერების მოხსნა საჭირო არ არის). პაციენტმა შეიძლება სამსახური განაახლოს ოპერაციიდან რამდენიმე დღის შემდეგ.

ვენების ვარიკოზის ალტერნატიულ ენდოვასკულარულ მკურნალობას წარმოადგენს რადიო-სიხშირით აბლაცია, ენდოვენური ლაზერით მკურნალობა.

ვარიკოზული ვენების მკურნალობის მეთოდის შერჩევაზე მრავალი ფაქტორი მოქმედებს: ვარიკოზის სტადია და გავრცელება, პაციენტის ასაკი და პროფესია, თანმხლები დაავადებები და პაციენტის სურვილი/წარმოდგენა ოპერაციის შედეგის შესახებ. ამიტომ, საჭიროა მკურნალობის მეთოდის ინდივიდუალური გადაწყვეტა.

დაავადების კლინიკური სურათის ინფორმაციისთვის იხილეთ გვერდი “დაავადებები”.

ღრმა ვენების თრომბოზი, თრომბოემბოლიური დაავადება: კონსერვატული და ოპერაციული მკურნალობა

ღრმა ვენების თრომბოზის (ღვთ) მკურნალობის მთავარი სტრატეგიაა ანტიკოაგულაცია. კერძოდ, დაბალმოლეკულური ჰეპარინი (დოზა შეირჩევა პაციენტის წონის მიხედვით) კეთდება კანქვეშ, დღეში ერჯერ ან ორჯერ.
დღეისთვის არსებობს ახალი ორალური (დასალევი) ანტიკოაგულანტები. ეს მედიკამენტები უფრო ეფექტურია, აქვთ ნაკლები გართულება, და მიიღება ორალურად. სხვა ორალური ანტიკოაგულანტებისგან განსხვავებით (მაგ. ვიტამინ K-ს ანტაგონისტები: ვარფარინი, მარკუმარი), ისინი არ საჭიროებენ ხშირ ლაბორატორულ კონტროლს დოზის დასადგენად.

ღვთ დაავადებულ პაციენტებს სჭირდებათ ელასტიური წინდის ჩაცმა და ადრეული მობილიზაცია.

ძალზე მნიშვნელოვანია ანტიკოაგულაციური მკურნალობის ხანგრძლივობის დადგენა. ჩვეულებრივ, ასეთი მკურნალობა ინიშნება 3-6 თვის მანძილზე. ზოგჯერ, ანტიკოაგულაცია საჭიროა უფრო ხანგრძლივად, ან მთელი სიცოცხლის მანძილზე, მაგალითად, იდიოპათიური ღვთ, თანდაყოლილი ან შეძენილი კოაგულოპათია – თრომბოფილია.

ქირურგიული ჩარევა ღვთ დროს ნაჩვენებია მხოლოდ გამონაკლის შემთხევევებში. მაგალითად, ვენური თრომბექტომია რეკომენდებულია პაციენტებში, როცა ღვთ რთულდება კიდურის კრიტიკული იშემიით.
ლოკალური ვენური თრომბოლიზი გამოიყენება იშვიათად. ამ დროს კანიდან ჩხვლეტის საშუალებით კათეტერი პოზიციონირდება დათრომბილ ვენაში და ინტრავენურად შეიყვანება თრომბის დამშლელი მედიკამენტი. ასეთი მკურნალობის შედეგები საკამათოა.

ქვემო ღრუ ვენაში ფილტრის ჩაყენება რეკომენდებულია იმ პაციენტებში, რომელთაც ანტიკოაგულაციის ჩატარებისთვის უკუჩვენება აქვთ, ან ანტიკოაგულაციური თერაპია არაეფექტური იყო ფილტვის არტერიის ემბოლიზაციის თავიდან ასაცილებლად.

ღვთ პოტენციურად სასიკვდილო დაავადებაა. სამკურნალო სტრატეგია ინდივიდუალურად უნდა იქნეს შერჩეული, რათა თავიდან იქნას აცილებული ღრმა ვენების განმეორებითი თრომბოზი და პოტენციურად სასიკვდილო ფილტვის არტერიის ემბოლია.

დაავადების კლინიკური სურათის ინფორმაციისთვის იხილეთ გვერდი “დაავადებები”.

ქრონიკული ვენური უკმარისობა, ვენური წყლული: კონსერვატული, ოპერაციული და VAC-მკურნალობა

ქრონიკული ვენური უკმარისობის (ქვუ) კონსერვატული მკურნალობა მოიცავს: ელასტიური წინდის ტარებას (ყურადღება: აკრძალულია თანმხლები პერიფერიული არტერიების ოკლუზიური დაავადების დროს!), ვარჯიშს, ხშირ დასვენებას კიდურების გულზე უფრო მაღალ პოზიციაში აწევით, ლიმფურ მასაჟს, დგომისა და ჯდომის პერიოდების მაქსიმალურად შემცირებას, თავის შეკავებას ცხელი აბაზანისგან და საუნისაგან. ვენოტონური მედიკამენტები (ფლავონოიდები), ასევე ადგილობრივად სამკურნალო ჟელეს ხმარება ხშირად ეფექტურია სიმპტომების შესამცირებლდ.

ქირურგიული/ინტერვენციული მკურნალობის შერჩევა დამოკიდებულია ქვუ-ს გამომწვევ მიზეზზე:

– ვენების´ვარიკოზი – ამ დაავადების დროს გამოყენებული მკურნალობის მეთოდების გასაცნობად იხილეთ: “ვენების ვარიკოზული გაგანიერება: კონსერვატული და ქირურგიული მკურნალობა”.

– პოსტთრომბული სინდრომი (პთს). ღრმა ვენების თრომბოზის (ღვთ) გადატანის შემდეგ, პაციენტთა 50%-ს უვითარდება პთს, რომელსაც ახასიათებს კიდურის მკვეთრი შეშუპება ტკივილითა და კანჭის კუნთების კრუნჩხვებით, კიდურში სიმძიმის შეგრძნება, პრურიტი (ქავილი) და ვენური წყლულის გაჩენა.

ბოლო ხანებში დანერგილი ენდოვასკულარული ტექნიკა საშუალებას იძლევა მოვახდინოთ დახშული ვენის რეკანალიზაცია (სანათურის გახსნა), რაც აუმჯობესებს მკურნალობის შედეგებს. მაგალითად, კათეტერული ანგიოპლასტიკა სტენტის ჩადგმით, კანიდან ჩხვლეტის მიდგომით ჩატარებული მექანიკური თრომბექტომია. ამჟამად ეს მეთოდები აპრობაციის (გამოცდის) სტადიაშია და შემდგომი გამოკვლევებია საჭირო მათი კლინიკური დანერგვისათვის.

– ჭარბი სიმსუქნე (Adipositas permagna) – რეკომენდებულია ბარიატრიული ოპერაცია.

– არტერიო-ვენური ფისტულა – საჭიროებს ოპერაციულ ან ენდოვასკულარულ მკურნალობას.

– ვენური წყლულის მკურნალობა. დიდი ზომის ვენურ წყლულს ახასიათებს ინტენსიური სეკრეცია (გამონადენი). იმ მიზნით, რომ წყლულიდან მოცილებული იქნას გამონადენი და შეიქმნას შეხორცებისთვის ოპტიმალური პირობები, გამოიყენება უარყოფით წნევაზე დამყარებული ე.წ. VAC Therapy (“Vacuum Assisted Closure”) ანუ “ვაკუუმის დახმარებით (ჭრილობის) დახურვა”. მკურნალობა ტარდება სპეციალური აპარატით. წყლულზე თავსდება ღრუბელი ან სპეციალური ბინდი, რომელიც შედეგ იხურება ჰერმეტულად და მილით უერთდება ვაკუუმის ტუმბოს. წყლულის გამონადენის მუდმივი მოცილება ემსახურება ჭრილობის დასუფთავებასა და ოპტიმალურ დრენირებას. ჩვეულებრივად, შეხვევა კეთდება 2-ჯერ ან 3-ჯერ კვირაში. VAC მეთოდით ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ წყლულის ზედაპირი მომზადდება კანის ტრანსპლანტაციისთვის, რითაც მოხდება წყლულის საბოლოო დახურვა.

ვენური წყლულის გაჩენის მიზეზს წარმოადგენს ქრონიკული ვენური უკმარისობა. იგი ძალზე შემაწუხებელი დაავადებაა და საჭიროებს ხანგრძლივ და ინტენსიურ მკურნალობას. წყლულის საბოლოო დახურვის შემდეგ მისი თავიდან გახსნის სიხშირე შედარებით მაღალია.

დაავადების კლინიკური სურათის ინფორმაციისთვის იხილეთ გვერდი “დაავადებები”.

სისხლძარღვების რეკონსტრუქცია ონკოლოგიაში

ორთოპედიულ, უროლოგიურ და ზოგად ქირურგიაში ავთვისებიანი სიმსივნის ოპერაცია მსხვილი სისხლძარღვების ინფილტრაციის შემთხვევაში მოითხოვს რამდენიმე ქირურგიული ბრიგადის მჭიდრო კოოპერაციას.

ასეთი ოპერაციები ძალზე ხანგრძლივია, დაკავშირებულია ქსოვილების დიდი მასის მოცილებასთან და სისხლის დიდ დანაკარგთან. მსხვილი სისხლძარღვები, რომლებიც ინფილტრირებულია სიმსივნით, უნდა რეზეცირებული იქნეს სიმსივნესთან ერთად. Oამ სისხლღძაღვით მომარაგებული ორგანოს ან კიდურის შენარჩუნებისათვის საჭიროა რეზეცირებული სისხლძარღვების რეკონსტრუქცია საკუთარი ვენის ან სინთეტური მასალის გამოყენებით.

აღნიშნული ოპერაციები ტარდება ამორჩეულ პაციენტებში, როგორც გამონაკლისი ჩარევები – ბოლო შანსი ე.წ. “არაოპერირებად” პაციენტებში.

აღნიშნულ ოპერაციებს ახასიათებთ გართულების მაღალი დონე. მიუხედავად ამისა, ავთვისებიანი სიმსივნის მხოლოდ რადიკალური რეზექცია იძლევა საშუალებას, გავაუმჯობესოთ დაავადების პროგნოზი.

დაავადების კლინიკური სურათის ინფორმაციისთვის იხილეთ გვერდი “დაავადებები”.